აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს ცოტა ხნის წინ უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს.
გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს დილით ტელევიზიაში მომხდარ კამათს უკავშირდება, რომლის დროსაც, საინფორმაციო სამსახურის ახლად დანიშნული უფროსი ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
ჟურნალისტებსა და ახალ ხელმძღვანელობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ამჯერადაც სარედაქციო პოლიტიკის გამო მოხდა. ჟურნალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ტელევიზიაში ახალი მენეჯმენტი საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლას გეგმავს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. გიორგი აბაზაძე გულის შეტევით და მაღალი წნევით ბათუმის საავადმყოფოში დღეს დილით გადაიყვანეს
გავრცელებული ინფორმაციით, აბაზაძის მდგომარეობის დამძიმება აჭარის ტელევიზიაში დღეს დილით ჩატარებულ თათბირს უკავშირდება.
თათბირზე მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას ადასტურებენ ჟურნალისტებიც, თუმცა განმარტავენ, რომ საუბარი არც ისე მძიმე იყო, რომ აბაზაძეს ჯანმრთელობის პრობლემები შექმნოდა.
ტელეკომპანია აჭარის ჟურნალისტების პროტესტს ორგანიზაციულ დაუმორჩილებლობად აფასებენ კომპანიის ახალი ხელმძღვანელები.
ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის თქმით, ასეთი გარემო ხელს უშლის ყოველდღიურ პროცესს და ორგანიზაციის განვითარებას.
ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს, ისინი შიშობენ, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება და კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსაც სამსახურიდან გაათავისუფლებენ.