20 თებერვალს მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია და უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატაცების დღიდან ჩართული იყო პროცესში. საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გემთმფლობელი კომპანიის ძალისხმევა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოსახსნელად.
მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში გამოიჩინეს სამაგალითო სიმშვიდე და ხელი შეუწყვეს პროცესის წარმატებით დასრულებას. ასევე, მადლობას ვუხდით ჟურნალისტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავი შეიკავეს ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან,"- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.