საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გრძელდება.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რამ საკითხის მიმართ ოპტიმისტურად პირველად არის განწყობილი.
"ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ საკითხებზე, აქ არის პოლიტიკური დევნის კომპონენტიც, ამ მიმართულებით, რა პროგრესი შეიძლება გვქონდეს გავიგებთ და საბოლოო ჯამში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. პირველად შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენმა და მათ შორის, ტელევიზიებისა და მოქალაქეების ჩართულობის ძალისხმევამ, თავისი შედეგები გამოიღო," - აცხადებს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.
ოთარ კახიძე კი ambobs, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კომპრომისზე წავიდა.
"რადგან თქვეს, რომ მაჟორიტარების რაოდენობა შევამციროთო ჩვენ ვთქვით, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვართ ამ კომპრომისზე წავიდეთ და სრულიად პროპორციულის ნაცვლად, მიახლოებულ ვერსიას ანუ 130/20-ზე დავთანხმდეთ,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, ოთარ კახიძე.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრის ანზორ ბიწაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს არა ნიშნის მოგებით, არამედ საქმიანად შეხვდება.
"ოპოზიცია ობიექტურად ხედავს, რომ ხელისუფლება მონდომებულია იპოვოს კომპრომისი ამ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად, ამას ოპოზიცია შეხვდება არა ნიშნის მოგებით არამედ, საქმიანად. თუმცა, ჩვენ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ მათ განცხადებებს, ახლა ქმედითი ნაბიჯების დროა," - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზალიკო უდუმაშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიცია არანაირ დათმობა არ აპირებს წასვლას.
"ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, ჩვენ არანაირ დათმობაზე არ ვაპირებთ წასვლას. ჩვენი პოზიციაა, რომ საარჩევნო სისტემა იყოს მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან. მეორედ უმნიშვნელოვანესი საკითხია, შეწყდეს დევნა პოლიტიკურ ლიდერებზე და გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრები," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზალიკო უდუმაშვილი.