მოხარული ვარ, რომ ვხედავ მხარეების ნებას დასხდნენ მაგიდასთან და იმსჯელონ განსხვავებულ პოზიციებზე - ამ განცხადებას ამერიკის ელჩი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აკეთებს.
კელი დეგნანმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა, მათ შორის ოქტომბრის არჩევნებზეც. ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა იპოვონ გამოსავალი, რომელსაც ყველა დათანხმდება და რომელიც წინ წაწევს საქართველოს დემოკრატიას.
"ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დიდია მის მიმართ ინტერესი ჩემს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, საქართველოს ამომრჩევლების ინტერესია, რომ ეს იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
სრულად გავეცანი წარმომადგენელთა პალატის წევრ კინზინგერთან "ამერიკის ხმის" ინტერვიუს. ვფიქრობ, მისი გზავნილი საკმაოდ მკაფიო იყო, რომ ვაშინგტონში საქართველოს მეგობრებს ნამდვილად სურთ, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. წარმატება საქართველოსათვის კი იქნება პოლიტიკური ლიდერების მიერ, საკმარისი პოლიტიკური გამბედაობის ჩვენება იმისათვის, რომ მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას არჩევნებზე, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება.
მოხარული ვარ, რომ ვხედავ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიები ნებას, დასხდნენ და იმსჯელონ თავიანთ განსხვავებულ პოზიციებზე და შეჯერდნენ ერთ საერთო პოზიციაზე. ეს არის დემოკრატიის არსი - იჯდე შენს ოპონენტთან ერთად და მუშაობდე კომპრომისზე. ჩვენ ამას ვუჭერთ მხარს," - განაცხადა კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.