ამ წუთებში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. შედგება თუ არა ოფიციალური მოლაპარაკება მხარეებს შორის, ეს დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ გაირკვევა.
შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთხელ გაახმოვანა.
"სწორი მიმართულებით დაიძრა ხელისუფლება და იმედი მაქვს, რომ ეს მოძრაობა გაგრძელდება. ხელისუფლების კომენტარები ძალიან შერბილებულია და საღ გონებასთან ახლოს არის.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და გაერთიანებულ ოპოზიციას რაც შეეხება, ჩვენთვის ამ თანმიმდევრობით არის ყველაფერი მნიშვნელოვანი: პოლიტიკური პატიმრები, ამის შემდეგ მაქსიმალურად დაახლოება პროპორციულ არჩევნებთან, ამის შემდეგ ვენეციის კომისიის და კონსტიტუციური სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინება იმისთვის, რომ ოლქები იყოს თანასწორადი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, შეთანხმების რესურსი არსებობს.
"ყველაზე მნიშვნელოვანია პროპორციული, რომ პროპორციულის სასარგებლოდ შედგეს შეთანხმება. ხელისუფლებამ თვითონაც შეიზღუდოს თავი, ამიტომ არის საუბარი 40%-ზე. ამ შეზღუდვაზე უმრავლესობა მოდის, რაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა აისახოს უკვე პროექტში, რომელსაც ჩვენ წავიკითხავთ," - აღნიშნა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრ გია ჟორჟოლიანის განმარტებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება შესაძლებელია და მხარეები ფართო კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრ დავით უსუფაშვილის მტკიცებით, აუცილებელია მოქალაქეებს მიეცეთ თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალება, ამისთვის კი შეთანხმების მიღწევა აუცილებელია.
"თუ იქნება შეთანხმება, ეს არ იქნება ვინმეს გამარჯვება ან ვინმეს დამარცხება. გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს ოქტომბერში დავითვლით. ახლა საჭიროა, ყველამ გადავდგათ ნაბიჯები იქითკენ, რომ საქართველოში ჩატარდეს არჩევნები და ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი შეხვედრა წარმატებული იქნება. მისი თქმით, ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია შეთანმხება მიღწეულ იქნეს და ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს.
"ხალხი დაიღალა უბრალოდ ამ ციფრებზე საუბრით. ყველას უნდა, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ. გამარჯვებული და დამარცხებული არჩევნების დღეს გამოვლინდება. ამ არჩევნებს ნორმალური მექანიზმი სჭირდება. მე პირადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ბევრჯერ იცვლება ხოლმე პროცესი," - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.