120/30-ზე ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი არ არის, თუმცა თუ მეტი წარმომადგენელი ეყოლებოდა რეგიონებს პარლამენტში, უკეთესი იქნებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ "რუსთავი 2-თან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ბერაიას თქმით, ჯერ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ბოლომდე არ იცნობს, ამიტომ სრულყოფილ განცხადებას დეტალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.
"ჩემი მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, როდესაც კანონპროექტს ვაპროტესტებდი, 49%-ის მიღების შემთხვევაშიც კი შესაძლებელი იყო, ქვეყანაში დამდგარიყო სამთავრობო კრიზისი და პარტიათა ჯგუფს ვერ ჩამოეყალიბებინა პარტია. 120/30-ზე, პრინციპში, ჩემთვის მისაღებია. თუ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ 40%-ზე მეტი მიიღოს, მან არ უნდა დააკომპლექტოს მთავრობა.
თუმცა, ამასთანავე, არის ერთი მოცემულობაც, რომ წარმომადგენლობით იყვნენ მაჟორიტარები რეგიონებიდან. რაც უფრო მეტი მაჟორიტარი იქნებოდა მუნიციპალიტეტებში, რეგიონებისთვის უკეთესი იქნებოდა. 120/30-ს, რა თქმა უნდა, აქვს მინუსი, არ მომწონს ეს მოცემულობა. ალბათ იგივე გითხრათ დიმიტრი ხუნდაძემაც და მეც იმავეს გიმეორებთ. საბოლოო პასუხის ჩამოყალიბებამდე დეტალებია გასავლელი," - ამბობს დეპუტატი.