18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
აუცილებელია უახლოეს პერიოდში საარჩევნო ბლოკების საკითხი გაირკვეს - არასამთავრობო სექტორი საარჩევნო სისტემაზე

"მნიშვნელოვანი წინაპირობა მშვიდობიანი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შესაქმნელად," - ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი იმ შეთანხმებას, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გუშინ, 8 მარტს შედგა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმებაში საარჩევნო ბლოკები ნახსენები არ არის, რაც უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა გაირკვეს. 

"ქვეყანაში არსებული რამდენიმე თვიანი დაძაბული პოლიტიკური ვითარების შემდეგ, საარჩევნო სისტემის ამ სახით გაუმჯობესება, მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მშვიდობიანი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით კი, პარლამეტში წარმოდგენილი პარტიები გონივრულ ზომებს მიიღებენ და ძალისხმევას არ დაიშურებენ შეთანხმებული მოდელის კანონმდებლობაში ასახვისთვის მაქსიმალურად მოკლე ვადებში. ეს ხელს შეუწყობს სტაბილური და კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნას და შესაძლებლობას მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას დროულად დაგეგმოს და განახორციელოს წინასაარჩევნო კამპანია ჯანსაღ საარჩევნო გარემოში.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი წარიმართოს შეთანხმების შესაბამისად და როგორც საარჩევნო სისტემა, ისე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები განისაზღვროს სამართლიანად. შეთანხმებაში არ არის ნახსენები საარჩევნო ბლოკები, შესაბამისად, აუცილებელია უახლოეს პერიოდში გაირკვეს ეს საკითხიც.

აქვე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საარჩევნო სისტემაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების შემდეგ, ხელისუფლება უმოკლეს ვადებში განაახლებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობას საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რაც საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გამო შეჩერებული იყო. არჩევნებზე დარღვევების პრევენციისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გაგრძელდეს ეუთოსა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე მსჯელობა და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის,"- ნათქვამია განცხადებაში. 

გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერს 5 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი," "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო," და "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი."

დღის ამბები