გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე მივიდა.
ოპოზიციის ლიდერები კონსულტაციებს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მართავენ. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრებს გამარჯვება და კონსენსუსის მიღწევა მიულოცა.
ასევე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
"მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ ბევრი წინააღმდეგობა, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ამ ოთახში იყრიდა და იყრის თავს, მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო.
ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში და მე ამ წუთას, ასევე მინდა მადლობა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც დაიწყო ეს ბრძოლა და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. მე მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აქ გაერთიანდნენ და რომლებიც თავის მომავალს ხედავენ იმაში, რომ არ მოიპარონ, არამედ მიიღონ ის ხმები, რომელსაც ხალხი მათ მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარეთ ამით ჩვენი ქვეყნის სიკეთეს, სტაბილურობას და განვითარების შესაძლებლობას," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, ეს არის ოპოზიციონერი ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხება შედგა.