დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას მხარს ღიად უჭერს. დიმიტრი ცქიტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პირობას შეასრულებს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლიტიკურ აქტორებს შორის შეთანხმება შედგა, რომ ყველა მხარემ გადადგა ნაბიჯი კომპრომისისკენ და, საბოლოო ჯამში, შედგა ის მოდელი, რომელზეც დათანხმდება ყველა და ამ მოდელით ჩატარდება არჩევნები. მე, სავარაუდოდ, ასეთ მიდგომას მხარს აუცილებლად დავუჭერ. იმედი მაქვს, რომ არცერთი მხარე, მათ შორის არც "ნაციონალური მოძრაობა" რაღაც მიზეზების გამო ამ პირობას არ დაარღვევს. ეს არის ვალდებულება არა მარტო საელჩოების, არამედ საკუთარი ქვეყნის წინაშე. ამ შემთხვევაში ჩანს, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მეტად უყვართ ჩვენი ქვეყანა, ვიდრე ჩვენს პოლიტიკურ ელიტას,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ის, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა, შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იყო.
"მე პირადად, ეს პრინციპები მისაღები და მხარდასაჭერი მგონია. თუ ეს ყველაფერი ისე დაიწერება, როგორც გაჟღერდა, მე ვფიქრობ, რომ ეს პრინციპები საჭირო და მხარდასაჭერია. ეს არის კომპრომისული ვერსია და ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, რაც შეიძლებოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში ყოფილიყო,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შედეგად მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა. პოლიტკოსების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით, რაც ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით აირჩევა 120 დეპუტატი, 30 კი – მაჟორიტარული. ასევე, შეთანხმება ითვალისწინებს საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.