18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე ამ შეთანხმების ერთგული იყოს ყველა მხარე" - მესამე სექტორი პოლიტიკური შეთანხმების შესახებ 

ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ეხმაურებიან. მესამე სექტორი იმედოვნებს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმებული მოდელი კანონმდებლობაში აისახოს.  

მათ დღეს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, განცხადების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ნაწილზე, რომ შეთანხმებაში არ არის ნახსენები საარჩევნო ბლოკები, შესაბამისად, ითხოვენ, რომ ეს საკითხი უახლოეს პერიოდში გაირკვეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიმართ რამდენიმე რეკომენდაცია აქვთ.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ შეთანხმების ერთგული უნდა დარჩეს ყველა მხარე და უმოკლეს ვადებში მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. 

"მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე ამ შეთანხმების ერთგული იყოს ყველა მხარე, რომ სასწრაფოდ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შემდეგ მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში რაიმე ისე არ წარიმართოს, რომ გადახვევა მოხდეს ამ შეთანხმებიდან. პარალელურ რეჟიმში უნდა განახლდეს მუშაობა საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საარჩევნო რეფორმის საკითხებზე. განმარტებულ იქნას, ზუსტად როგორ იქნება ბლოკების საკითხი დარეგულირებული, იმიტომ, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, ამ შეთანხმების ტექსტში  მკაფიოდ გამოხატული არ ყოფილა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე ამბობს, რომ ის დაპირებები აუცილებელია, რეალურად შესრულდეს.

"მნიშვნელოვანია, რომ უკვე ეს პირობები აისახოს კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებში. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გველოდება წინ და აუცილებელია, რომ აღნიშნული დაპირებები რეალურად შესრულდეს და ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა სწორედ ამგვარი მოდელით ჩამოყალიბდეს,“ - განაცხადა გურამ იმნაძემ.

დღის ამბები