18 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი - დასავლელი პარტნიორები მიღწეულ შეთანხმებას აფასებენ

დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი - ასე აფასებენ დასავლელი პარტნიორები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას. 4-თვიანი მოლაპარაკებების ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით დასრულებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი დიდ მიღწევას უწოდებს. დღის ბოლოს ევროკავშირმა ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გაავრცელა და ხელისუფლებას და ოპოზიციას ეუთო-ოდირის რეკომენდაციები - არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების მხრივ კიდევ ერთხელ შეახსენა.

მიღწეული შედეგით ორივე მხარის მოგებულ პოზიციაზე საუბრობს "კურიერთან" საქართველოში გერმანიის ელჩი. დიპლომატის თქმით, საქართველო შეძლებს თავი აარიდოს დემოკრატიის უკუსვლას ქვეყანაში. დღის ბოლოს სტატუსი დაწერა ბრიტანეთის ელჩმაც.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში მეორედ გამოეხმაურა ადამ კინზინგერი. არაერთი კრიტიკული წერილის ავტორი კონგრესმენი მოლაპარაკებების შედეგს პოლიტიკურ სიმწიფედ აფასებს. 

საქართველოში საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ კონსესუსს საკუთარ გვერდზე ტვიტერში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც ეხმაურება. 

საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში მნიშვნლოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურ გარემოს დაასტაბილურებს და პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დასრულებას პრეზიდენტი საზოგადოების გამარჯვებად აფასებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველა პირობაა შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

4 თვიანი მოლაპარაკებების დასრულება ქართველ ხალხს მიულოცა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ამბობს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და შეთანხმების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები