უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო ქადაგიძის კანდიდატურაზე პარლამენტში განხილვები დაიწყება. ქადაგიძეს მხარი იუსტიციის საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, ახლა ჯერი უკვე პარლამენტზეა. ოპოზიცია სასამართლოში კლანურ მმართველობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი საკითხის კენჭისყრას არჩევნების შემდეგ გადადებს.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ნინო ქადაგიძე არის კლანური მმართველობის გამორჩეული წარმომადგენელი. ბოკერიას თქმით, მშვიდობიანი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია იმ რეფორმებისთვის, რომელსაც ქვეყანა საჭიროებს.
"ეს კანდიდატი, რომელიც იყო წარდგენილი, არის ჩვეულებრივი წარმომადგენელი, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ გამორჩეული წარმომადგენელი ამ კლანის. თქვენ შეგიძლიათ, ყველამ იხილოთ, რომ არ დაეყრდნოთ ჩვენს სიტყვებს საპარლამენტო მოსმენისას, მისი პასუხები საკვანძო საკითხებზე.
სამწუხაროდ, აქ სანამ დიდი რეფორმები არ მოხდება, არ შეიცვლება ვითარება. ამ დიდ რეფორმებს სჭირდება ამ ხელისუფლების მშვიდობიანი არჩევნებით შეცვლა და ჩვენ გვაქვს, ოპოზიციის ამ ნაწილს, "ევროპულ საქართველოს" და სხვებს ძალიან მკაფიო ფუნდამენტური ხედვა, რომელსაც მალე წარვადგენთ, როგორ უნდა განვახორციელოთ ეს რეფორმა სწრაფად ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა კლანის რომელი წარმომადგენელი იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი, მისი თქმით ამით სასამართლოს მართვაში არაფერი შეიცვლება.
"ქალბატონი ქადაგიძე არის კლანის პირველი ეშელონის წარმომადგენელი. ის იყო იმ პირველ ათეულში, რომელიც იქნა პარლამენტში წარმოდგენილი სიის სახით, რომელმაც შემდეგ გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა, გამოიწვია საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა და რომელსაც შემდეგ მოჰყვა სერიოზული საპროტესტო აქციები ქუჩაში.
ამიტომ, არაფერი იცვლება, კლანის ერთი წარმომადგენელი იქნებოდა - თადუმაძე თუ მეორე, ამით უზენაესი სასამართლოს მართვაში არაფერი არ იცვლება," - აცხადებს რომან გოცირიძე.