"არეულობის, თუ სხვა პროვოცირების შესაძლებლობაც და მოტივაციაც არის გამორიცხული," - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" წევრმა, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, რითაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
შესაბამისად ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერენ იმ სისტემას, რაზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდა.
"უმრავლესობა იმ მაჟორიტარების, ვინც თავის დროზე ვაყენებდით საკითხს, რომ სტაბილურობის განცდა შესაძლოა შერყეული და ვერ მომხდარიყო ქვეყანაში სტაბილური საარჩევნო შემდგომი პერიოდი, ეს უკვე დაბალანსებულია. არეულობის, თუ სხვა პროვოცირების შესაძლებლობას და მოტივაციაც არის გამორიცხული," - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი მირიან წიკლაური.
"ეს არის ალბათ ყველაზე უფრო ცუდი ვარიანტი, რაც კი შეიძლებოდა მიეღოთ. იმიტომ, რომ ის რა ხიბლიც აქვს მაჟორიტარულ სისტემას აქ ფაქტობრივად წაშლილია და ფერმკრთალად არის წარმოდგენილი.
მე დავუჭერ მხარს პოლიტიკური კონიუქტურობისა და იმ მოცემულობის გამო, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, რათა აღარ იყოს ზედმეტი ვნებათაღელვა, ზედმეტი შეხლა-შემოხლა და რამენაირად მივიდეთ მშვიდად არჩევნებამდე," - განაცხადა მირიან წიკლაურმა.