პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს მხოლოდ მაშინ დაუჭერენ მხარს, თუ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება შესრულდება.
გია ვოლსკის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
"პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. არსებობენ სერიოზული დამნაშავეები. რაღაც საკითხებთან მიმართებაში, სამართლებრივ საკითხებში არ უნდა შეიჭრას პოლიტიკა, ამაში აბსოლუტურად ვეთანხმებით და ამ თემაზე იყო შეთანხმება. ამ ფორმულირებას, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ნაწილი ერთმანეთში არ უნდა იყოს აღრეული, არათუ ვეთანხმებით, არამედ ის სახელმწიფო ვართ, რომელმაც ეს მავნე, ცუდი პრაქტიკა შეწყვიტა 2012 წლიდან," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის და უმრავლესობის შეთანხმება მალე კანონად უნდა იქცეს - საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი რამდენიმე საათში პარლამენტში დარეგისტრირდება.
დოკუმენტის ინიცირებისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მოგვიანებით კი, საყოველთაო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება. მეათე მოწვევის პარლამენტში 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება.
მთავრობას ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელსაც მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა ექნება. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმების ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც იყო.