18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
შეთანხმება მანიპულირების სივრცეს არ იძლევა - ჩუგოშვილი საკონტიტუციო ცვლილებაზე მიღწეულ შეთანხმებაზე

როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები, მხარეებს შორის, ჯერჯერობით, შეთანხმება ამ საკითზე არ არსებობს, მანამდე, მიღწეულ შეთანხმებას უმრავლესობა ბიუროზე გაიტანს, რის შემდეგაც პარლამენტი საკითხზე მუშაობას დაიწყებს.

პროცესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. მანამდე მხარეებს შორის დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ოპოზიციისა და ხელისუფლებას  შორის მიღწეული შეთანხმება მანიპულირების სივრცეს არ იძლევა.

"საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად უნდა ასახავდეს იმ შეთანხმებას, რომელზეც ყველამ ხელმოწერა დავაფიქსირეთ. აუცილებლად დავუჭერ მხარს, თუკი ეს ყველაფერი იქნება წარმოდგენილი ამ დოკუმენტში და დარწმუნებული ვარ რომ იქნება.

შეთანხმება საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავს ჩარჩოს და პრინციპში დიდი მანიპულირების სივრცეს არ იძლევა. თუკი ოპოზიცია და ქართული ოცნება ერთად დაჯდებიან შეხვედრაზე, ვფიქრობ რომ ამის შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეთ," - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კანონპროექტში განსასაზღვრი დარჩა მაჟორიტარული ოლქების საზღვრები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც ეხება გეოგრაფიული პრინციპისა და ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობის პრინციპის საფუძველზე საზღვრების დადგენას.

ოპოზიციის და უმრავლესობის შეთანხმება მალე კანონად უნდა იქცეს - საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი რამდენიმე საათში პარლამენტში დარეგისტრირდება.

დოკუმენტის ინიცირებისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მოგვიანებით კი, საყოველთაო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება. მეათე მოწვევის პარლამენტში 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება. მთავრობას ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელსაც მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა ექნება.

გარდა ამისა, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელები საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ.

დღის ამბები