ეკა ბესელიას პარტია "სამართლიანობისთვის" სამუშაო ჯგუფმა, მართლმსაჯულების რეფორმისა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე ხედვები წარადგინა. პრეზენტაციას პარტიის თავჯდომარე ეკა ბესელია უძღვებოდა.
ბესელიას თქმით, პირველი ინიციატივა კონსტიტუციური რეფორმის გატარებას ითვალისწინებს, რომელიც უვადოდ დანიშნული მოსამართლეების ვადიანზე გადაყვანას გულისხმობს.
"პირველ რიგში, კითხვაზე - როგორ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო იმ მოსამართლეებისგან, ვისაც არ აქვს საზოგადოების ნდობა, ვის მიმართ არსებობს წარსული საქმიანობის გამო მძიმე კითხვები, ჩვენი პირველი ინიციატივაა, გატარდეს კონსტიტუციური რეფორმა და უვადოდ დანიშნული მოსამართლეების ვადიანზე გადაყვანა მოხდეს კონსტიტუციით," - განაცხადა ეკა ბესელიამ.