18 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, ოპოზიცია კლანურ მმართველობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. მათ კითხვები მოსამართლის დამოუკიდებლობის გარდა, მის კომპეტენციასთან დაკავშირებითაც აქვთ.

"გვახსოვს, რომ ნინო ქადაგიძე იყო 2018 წლის დეკემბერში წარმოდგენილ 10 პირიან სიაში. შესაბამისად, ის წარმოადგენს სასამართლოს მმართველ კლანს და მმართველი კლანის ინტერესებს. აგრეთვე იგი აქტიურობდა სოციალურ ქსელში, როდესაც უერთდებოდა და იწონებდა ბატონი მეთოფიშვილის, სასამართლოს მმართველი კლანის თვალსაჩინო წარმომადგენლის, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ განცხადებებს.

მასთან ჩატარებულმა გასაუბრებებმა ნათლად აჩვენა, რომ საკითხებზე, რომელიც არის პირველი-მეორე კურსის სტუდენტების მასალა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დამაჯერებელ პასუხებს ვერ იძლევა, რაც არის დიდი პრობლემა მართლმსაჯულების სისტემისთვის," - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ.

სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების მიზეზით, გუნდიდან წასული დეპუტატები აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება ნინო ქადაგიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო, რადგან მათი განმარტებით, შალვა თადუმაძისგან განსხვავებით ქადაგიძის პერსონის მიმართ საზოგადოებაში ნაკლები კითხვები არსებობს.

მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი დეპუტატები არ აპირებენ კანდიდატურის მხარდაჭერას, რადგან მიაჩნიათ, რომ ნინო ქადაგიძე ხელისუფლების კადრია.

"მართალია გამოცდილია და საკმაოდ დიდი ხანია მოსამართლის პოზიციაზეა და ნამდვილად აქვს პროფესიული გამოცდილება, მაგრამ შთაბეჭდილება დაგვრჩა გასაუბრებებზე ვინც ვუსმენდით, რომ დაახლოებულია მოსამართლეთა იმ ჯგუფთან, რომელსაც დღეს გავლენა აქვს სასამართლოზე.

სამწუხაროდ, სისტემური რეფორმის გარეშე მართლმსაჯულება ნდობას ვერ დაიბრუნებს, ამიტომ საჭიროა ახლა ეს პროცესი შეჩერდეს," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით კი, არჩევანი არაფრის მომცემ პერსონაზე გაკეთდა.

"ოდიოზურ პერსონებზე ვერ გაკეთდა არჩევანი, გაკეთდა ახლა არაფრის მომცემ სახელზე და გვარზე, ვერავინ ვერ გეტყვით ვინ არის ნინო ქადაგიძე თუ არ არის ბოლომდე ჩახედული. ვთქვათ, რომ ის იყო წლების განმავლობაში ადეიშვილის სისტემის ნაწილი. არის აბსოლუტურად ნეიტრალური კანდიდატურა შერჩეული," - განმარტა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები