შეინარჩუნებს თუ არა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიცოცხლის ბოლომდე ძალაუფლებას?! - რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადების გაუქმების შესახებ ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი გამოეხმაურა.
პანფილოვის შეფასებით, რაც უფრო გაძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, მით მალე შესუსტდება კრემლის გავლენები.
პუტინის მმართველობას ჟურნალისტი საბჭოთა კავშირის დიქტატურას ადარებს.
"ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული, დაწყებული რამზან კადიროვის რეჟიმის მხარდაჭერით, დამთავრებული აფხაზი და ოსი სეპარატისტების წაქეზებით. რაც უფრო სწრაფად გაძლიერდება საერთაშორისო სანქციები, მით უფრო სწრაფად ჩამოიქცევა დღევანდელი რუსეთი. ეს არის ქვეყნის დიქტატორული რეჟიმის ჩამოქცევის ერთადერთი მეთოდი. სხვა გზა არ შეიძლება არსებობდეს, რადგან რუსეთში არ არის დემოკრატია, არ არის სიტყვის თავისუფლება, ამიტომ დემოკრატიული არჩევნებიც ვერ ჩატარდება.
რუსეთს დღეს არ შეუძლია იყოს სხვა ქვეყანა და ვფიქრობ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს ძალიან კარგიც არის. ეკონომიკური კრიზისისა და სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდილი საერთაშორისო სანქციების ფონზე, რუსეთს უზარმაზარი პრობლემები შეექმნება. პუტინი ახლა ქვეყანას უკეთებს იმას, რაც თავის დროზე საბჭოთა კავშირს დაემართა. ჩვენ ვაკვირდებით იმავე პროცესს, რაც არაერთხელ გვინახავს დიქტატორული ქვეყნების შემთხვევაში," - განაცხადა ოლეგ პანფილოვმა.
რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები უქმდება. შესაბამისად, მოქმედ პირველ პირს ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა ეძლევა, 2036 წლამდე იყოს რუსეთის პრეზიდენტი. პუტინი პრეზიდენტად უკვე მეოთხედ არის არჩეული და მას მანამდე მოქმედი კანონმდებლობით არ ჰქონდა საშუალება კიდევ ერთი ვადით კენჭი ეყარა. "ედინაია რასიას" დეპუტატის, პირველი ქალი კოსმონავტის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივას მხარი 383-მა დეპუტატმა დაუჭირა, არცერთი იყო წინააღმდეგი, თავი 43-მა შეიკავა.