1963 წლის 16 ივნისი - ვალენტინა ტერეშკოვა კოსმოსში გაფრინდა.
ამ მოვლენიდან 57 წლის შემდეგ, პირველი ქალი-კოსმონავტის სახელი და გვარი რუსეთის ისტორიაში კიდევ ერთი მიზეზით შევიდა. ვალენტინა ტერეშკოვა, ახლა უკვე, როგორც "ედინაია რასიას" დეპუტატი, კიდევ ერთ მასშტაბურ მოვლენასთან იქნება დაკავშირებული - სწორედ მისი ინიციატივით "განულდა" ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადა.
რამდენიმე დღის წინ ტერეშკოვამ 83 წლის იუბილე იზეიმა. კოსმონავტი მეტსახელად "თოლია" ყოველ წელს რუსეთის პრეზიდენტისგან იღებს მადლობებს, თაიგულებსა და ჯილდოებს, თუმცა საბჭოთა კავშირის გმირმა ამჯერად თავად დაასაჩუქრა კოსმიური ამბიციების მქონე ქვეყნის უცვლელი ლიდერი და მას მუდმივი მმართველობის უფლება ოფიციალურად გადასცა.
უვადოდ პუტინის პრეზიდენტობის იდეას მხარი დუმის 383-მა დეპუტატმა დაუჭირა, არცერთი წინააღმდეგი, თავი 43-მა შეიკავა.
პოზიცია 22 აპრილის რეფერენდუმზე რუსმა ხალხმაც უნდა დააფიქსიროს. პუტინის სასარგებლოდ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარს მოსახლეობის 80% დაუჭერს. ასეთ პროგნოზს აკეთებს ოლეგ პანფილოვი.
ჟურნალისტის თქმით, ქვეყანაში, სადაც არ არსებობს თავისუფალი სიტყვა და დისკუსია, ადამიანები იმ პოზიციას გამოხატავენ, რასაც კრემლი უკარნახებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმის ჩამოშლა გარდაუვალია. მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისი რუსულ პოლიტიკურ ელიტაში შეხედულებებს აუცილებლად შეცვლის.
პუტინის რეჟიმის გარდაუვალ ჩამოქცევაზე საუბრობენ ქართველი ექსპერტებიც. კრემლის მიერ შექმნილ მითებსა და არსებულ რეალობას შორის განსხვავებები კარგად არის ცნობილი რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩისთვის.
ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ენერგეტიკის სფერო რევოლუციურ ცვლილებებს განიცდის, ნავთობისა და გაზის მნიშვნელობა თანდათან მცირდება, რაც რუსეთის ეკონომიკას გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს. პარალელურად, დღითიდღე ძლიერდება ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციებიც.
შედარებით რთულად და მეტი წინააღმდეგობით წარმოუდგენია პუტინის დიქტატურის დასრულება უკრაინელ ანალიტიკოსს. ვოლოდიმირ კორჩაკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ლიდერი ქვეყნის შიგნით პოპულარობის შესანარჩუნებლად მრავალჯერ ნაცად წრეზე წავიდეს და საგარეო ექსპანსიის გამოცდილ მეთოდს მიმართოს. მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში.
პუტინი მმართველობაში ყოფნას 2036 წლამდე აპირებს. ამ დროს ის, 84 წლის იქნება, ისევე როგორც რობერტ მუგაბე, რომელიც ზუსტად ამ ასაკში შეელია ზიმბაბვეს პრეზიდენტის პოსტს 2017 წელს.
პუტინის ვადა 36 წელს შეადგენს, რაც სტალინის მმართველობის 29 წელზე მეტია.