კონგრესმენმა ბილ კიტინგმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. ბილ კიტინგმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და კონფლიქტების შედეგად დაღუპული და დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობას გაუსვა ხაზი.
"დღეს ჩვენ ვუყურებთ კონფლიქტებს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, თითოეული მათგანი სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა და თითოეულ ქვეყანაში რუსეთის შეჭრა განსხვავებული იყო. დღეს არც ერთ ამ სახელმწიფოს არ აქვს სრული კონტროლი საკუთარ საზღვრებზე და პირიქით, როდესაც ისინი დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანი რეფორმების და დასავლეთთან ურთიერთობების დაახლოებისთვის ისწრაფვიან, არასახარბიელო სიტუაციაში არიან და არ აქვთ საშუალება მართონ მთლიანი ქვეყანა და ემსახურონ ყველა მოქალაქეს. საქართველოში კონფლიქტის შედეგად, 800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მოქალაქე დაიღუპა, საქართველოს 20 000-ზე მეტი მოქალაქე იძულებული გახდა ოკუპირებულ ცხინვალის რაიონსა და აფხაზეთში საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ეთნიკური ქართველები შევიწროების, დევნის, დისკრიმინაციის წინაშე დგანან. მათ არ აქვთ წვდომა ბევრ საბაზისო მომსახურებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობაზე. უდანაშაულო მოქალაქეებმა ეს ომები გადაიტანეს რუსეთის აგრესიის გამო. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან, თუ რამხელა ზიანი მიაყენა ამ კონფლიქტებმა მოლდოველების, ქართველებისა და უკრაინელების ახალგაზრდა თაობებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყნები პროდასავლურები არიან და ისინი თავიანთი დემოკრატიისა და ეკონომიკის და უსაფრთხოების კუთხით ევროპასა და ამერიკასთან კავშირის გასაძლიერებლად მუშაობენ. ეს ქვეყნები ჩვენი მეგობრები და პარტნიორები არიან,"- განაცხადა ბილ კიტინგმა.