მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორონავირუსს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა ექნება, თუმცა ამავდროულად აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ეკონომიკის დასახმარებლად. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ გამოკვეთილი იქნება ყველა ის სფერო, რომელმაც შესაძლოა ზარალი განიცადოს და განხილული იქნება მხარდაჭერის ზომები:
"ეკონომიკა მთლიანობაში არის გარკვეული წნეხის ქვეშ კორონავირუსთან დაკავშირებით, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ დღეს პრემიერის დავალება ასეთია და ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს, რომ შეიმუშაოს ყოველმხრივი ღონისძიებები, რათა ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემების წინასწარი გაანალიზება მოხდეს და შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმოს. თავდაპირველად ჩვენ კონცენტრირებული ვიყავით ტურიზმზე, იმიტომ რომ ყველასათვის აშკარა იყო ამ სფეროში არსებული გამოწვევები, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ამ კონსულტაციების შედეგად ჩვენ გამოვკვეთავთ ყველა იმ სფეროს სადაც ამ განსაკუთრებული მდგომარეობის გამო ბიზნესებმა შესაძლო ზარალი განიცადონ და ასევე ყველა ტიპის მხარდაჭერის ზომები იქნება განხილული," - განაცხადა რომან კაკულიამ
კაკულიას თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ყველა ის ფაქტორი, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსზე მოქმედებს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რისკის ქვეშაა მოქცეული:
"საზოგადოებისათვის ცნობილია ყველა ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ლარის კურსზე და სამწუხაროდ, ყველა ეს ფაქტორი არის რისკის ქვეშ," - აღნიშნა კაკულიამ.