18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
ეს არის შეშფოთებების მთელი კასკადი და ჩაბეტონებული აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - ოპოზიცია Freedom House-ს ანგარიშზე

დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიზირებული სასამართლო - საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი საქართველოს თავისუფლების ინდექსის შესახებ შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტში ასახულ მთავარ საკითხებს შორის 20-21 ივნისის მოვლენები, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრად დანიშვნა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა და "რუსთავი 2-ის" საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა.

ოპოზიციისთვის "ფრიდომ ჰაუსის" დასკვნა კიდევ ერთი კრიტიკის საბაბი ხდება. ისინი აღნიშნავენ, რომ თითქმის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების სისტემაზე ამახვილებენ ყურადღებას. ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოიპოვებს გავლენებს, ეს შთაბეჭდილებები დასავლეთში შეიცვლება.

"ეს არის მთელი კასკადი არა მხოლოდ შეშფოთებების, არამედ უკვე ჩაბეტონებული აზრი ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელიც იძლევა პრინციპში საერთო სურათს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ეს ყველაფერი საყურადღებოა იმიტომ, რომ ყველა ერთად სახელმწიფოს მიტაცება და არაფორმალური მმართველობა უმძიმესი ფორმაა, რაც შემდეგ ქმნის ზუსტად იმ ფონს, რაც იყო მოცემული," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ამ ვითარების გამოსწორება რთული იქნება.

"ასეთი კრიტიკის გამოსწორება არის ძალიან რთული, წარმოუდგენლად რთული დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ეს კრიტიკა ერთის მხრი მიუთითებს იმას, რომ მთელი მათი არგუმენტი და რიტორიკა, რომ თურმე ჩვენმა პარტნიორებმა არ იციან რა ხდება და იმიტომ გვაკრიტიკებენ არის უბრალოდ საზოგადოების მოტყუება იმიტომ, რომ ეს დეტალური ანგარიშები, "ფრიდომ ჰაუსის" დეტალური ანგარიშიც, სახელმწიფო დეპარტამენტის დეტალური ანგარიშიც, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ძალიან კარგად რომ იციან, ზუსტად იმიტომ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ სახელმწიფოში პროცესებს არა კანონი, არამედ კონკრეტული ადამიანები განკარგავენ. 

"ეს ყველაფერი ერთად რომ შევაჯამოთ აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანებს ზუსტად იმიტომ გვაქვს არასტაბილურობის და დაუცველობის განცდა, რომ ჩვენს სახელმწიფოში პროცესებს განკარგავს არა კანონი, არა სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ კონკრეტული ადამიანები. სანამ კანონის უზენაესობა არ დამკვიდრდება ყოველთვის ვიცხოვრებთ არასტაბილურ ქვეყანაში, სადაც მოქალაქე თავს ვერ გრძნობს დაცულად და როცა თავს დაცულად ვერ გრძნობს მოქალაქე და საზოგადოება, არ არის არც განვითარება და არც წინსვლა," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა კი ამბობს, რომ ქვეყანაში სადაც ოლიგარქიული მმართველობაა, იქ დემოკრატია ბუნებრივია უკან იხევს.

"ქვეყანა, სადაც ოლიგარქიული მმართველობაა იქ ბუნებრივია დემოკრატია უკან იხევს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება ნიველირდება, იქ მიმდინარეობს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა, რეპრესიები, დაჭერა-დაპატიმრებები, აქედან გამომდინარე ბუნებრივია ის ანგარიში, რომელიც იქნა წარმოდგენილი შეესაბამება არსებულ რეალობას და თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა არსებული დანაშაულებრივი ოლიგარქიული რეჟიმი არის დაუყოვნებლივ შესაცვლელი," - აცხადებს გიორგი გუგავა.

Freedom House -ის მონაცემებით საქართველოს თავისუფლების ინდექსი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა. სახელმწიფო "ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების" კატეგორიაშია და 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული.

დღის ამბები