18 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
წუხილის საფუძველი არ არსებობს, სავაჭრო ობიექტების მომარაგების შეფერხებას ადგილი არ აქვს - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად მათ წინაშე არსებული გამოწვევები, პრევენციული ზომები და სავაჭრო ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხარძიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, მთავარი განსახილველი საკითხი ობიექტებში არსებული პროდუქციის მარაგი იყო, რასთან მიმართებითაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა თქმით, პრობლემა არ არსებობს.

"სავაჭრო ცენტრები მზად არიან ვირუსის გავრცელების პრევენცია კიდევ უფრო მეტად მოახდინონ თავიანთ ქსელებში. ის ობიექტები, ვინც ვაჭრობს დისტანციურად, ფიქრობენ, როგორ გააძლიერონ ამ კუთხით ინფრასტრუქტურა და ნაკლები კონტაქტის მეშვეობით მოხდეს ვაჭრობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ ზოგადად სხვა გამოწვევებზე, რაც მთლიანად ეკონომიკას და დარგს უდგას. რაც მთავარია ვხედავთ, რომ მარაგების მომარაგების თვალსაზრისით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, ობიექტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში და წუხილის საფუძველი არ არსებობს," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები