იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და შეზღუდვებს აწესებს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ახალი კორონავირუსია. 14 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში შაბათ-კვირას იუსტიცის სახლის არცერთი ფილიალი არ იმუშავებს.
ამ პერიოდში, შაბათს და კვირას სერვისების დაჩქარებული წესით მიღება შეუძლებელი იქნება. ორშაბათიდან - 16 მარტიდან, თბილისის იუსტიციის სახლში, მოქალაქეებს მზა დოკუმენტის გატანის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ "ჯასთ დრაივის" სარკმელებიდან, რომელიც იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს მდებარეობს.
მოქალაქეთა ნავიგაციის გამარტივების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სანავიგაციო მანიშნებლები. ასევე, 16 მარტიდან, მუშაობას ერთი კვირით შეაჩერებს გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი.
"იუსტიციის სახლების ყველა ფილიალი, ყოველ შაბათ-კვირას დაიკეტება და დაჩქარებული სერვისები არ გაიცემა. თუ თქვენ ორშაბათიდან დაგჭირდებათ დოკუმენტის გატანა შენების შიდა სივრცეში ვეღარ მოხვდებით, სამაგიეროდ მოგიწევთ თქვენი დოკუმენტი ავტოსადგომის ტერიტორიის მხრიდან გაიტანოთ. რაც შეხება სერვისს, რომელიც სივრცეში მოხვედრას საჭიროებს - მოგიწოდებთ, რომ თუკი ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაძლებელია გადავადდეს, არ მობრძანდეთ იუსტიციის სახლებში და მათი გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოთ," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.