ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ წერილს, სადაც ევროპელი დეპუტატები გიგი უგულავას გათავისუფლებას მოითხოვენ, ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ პრეზიდენტმა უნდა გაიაზროს ის გავლენის ბერკეტი, რომელიც მის ხელთ არის და ხელი შეუწყოს იმას, რომ საარჩევნო წელიწადს ქვეყანაში ვითარება ნორმალიზებული იყოს. გიგი უგულავას თანაგუნდელი, "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება სრულად გაიაზრებს ევროპარლამენტარების დიპლომატიურ ენას და შესაბამისად იმოქმედებს:
"უგულავას საქმეზე ჩვენ სხვა აზრის ვიქნებით მომავალშიც და "ქართული ოცნება" სხვა აზრის იქნება. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ტერმინების შესახებ ვერ ვთანხმდებით. მაგრამ ჩვენთვის მთავარია შედეგი და სწორედ ეს სულისკვეთება არის წერილშიც. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ამ წერილს ისეთივე პოზიტიურად მიიღებენ, როგორ პოზიტიურ ტონალობაშიც იგი არის გამოგზავნილი," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილიც აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომ სამართლიანი და ნორმალური საარჩევნო გარემო ჰქონდეს ქვეყანას.