18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
მომდევნო დღეების განმავლობაში პარლამენტი დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას არ განიხილავს

კორონავირუსის გავრცელების საფრთხემ უკვე შეცვალა პარლამენტის სამუშაო ფორმატი. მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, გაურკვეველია, რა ფორმით გაგრძელდება ის პროცესები, რომელიც საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა გაფორმდეს. სავარაუდოდ, ახალი ვირუსი სახალხო განხილვების განრიგსაც შეცვლის. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სწორედ საჯარო განხილვები იქნება ბიუროს ერთ-ერთი მთავარი თემა.

მომდევნო დღეების განმავლობაში პარლამენტი დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას არ განიხილავს, თუმცა დროის მოგების მიზნით უმრავლესობა დღეს ბიუროს სხდომაზე ინიციატივას წარადგენს, რომელიც საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარეს იმის დისკრეციას მისცემს, რომ რისკების გაზრდის შემთხვევაში საპარლამენტო ცხოვრება ვირტუალურ რეჟიმში გადაიტანონ და უმრავლესობას აქვს იმის სურვილი, რომ ეს დაჩქარებულ რეჟიმში იქნას განხილული.

რაც შეეხება საყოველთაო განხილვებს, რომელსაც კორონავირუსმა ასევე პრობლემა შეუქმნა, განიხილავენ ამჟამად იმ ვერსიას, რომ ტელეხიდების მეშვეობით განიხილონ რამდენიმე რეგიონში ის თუ რას ნიშნავს 120/30-ზე პრინციპი, რომლის შესახებაც პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ. იმისათვის, რომ ამომრჩეველსაც უფრო დეტალურად გააგებინონ თუ რას ნიშნავს ეს პრინციპი, საჭიროა სპეციალური კომისიის შექმნა. "კურიერის" ინფორმაციით, კომისიის შექმნის საკითხი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე არ დადგება, სავარაუდოდ ამ საკითხს უმრავლესობა ხვალინდელ სხდომაზე წამოწევს წინ.

"არსებობს როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ერთ კვირაში, თუნდაც დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი მიღებული იქნას და დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეთ, ეს გამორიცხულია, ამის მოლოდინი არ გქონდეთ. უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, დრო დავაზღვიეთ, როდესაც ეს კანონპროექტი დავარეგისტრირეთ, რომ თუ ტექნიკური საშუალებები იქნა, თუ შესაბამისი სპეციალისტები დადებენ დასკვნებს, რომ ეს რისკებს, მათ შორის თუნდაც ტექნიკურს გამორიცხავს, ამ შემთხვევაში შეიძლება ამაზე სერიოზულად საუბარი, თორემ დღეს ჩვენ ასე გადაჭრით და გადაწყვეტილად ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად გადავალთ უმოკლეს დროში დისტანციურ გადაწყვეტილებებზე. ეს რომ მარტივი ყოფილიყო, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა უკვე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილის თქმით, რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება დისკრეცია იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა დისტანციურად განაგრძოს.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და რამდენიმე დეპუტატის მიერ არის ინიცირებული ცვლილებები რეგლამენტში, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს დისკრეცია იმ შემთხვევაში თუ არის ობიექტური გარემოება ქვეყანაში, მოხდეს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა დისტანციურად შესაბამისი ელექტრონული საშუალებებით. ამ ჩანაწერში ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ორაზროვნება არ იყოს. პარლამენტის საქმიანობა ნიშნავს როგორც სესიას, ასევე ბიუროს სხდომას, ასევე კომიტეტის სხდომას და ა.შ. ჩვენ შევეცდებით, რომ იცით პირველი მოსმენით შესაძლებელია პრინციპების დონეზე ჩანაწერში ცვლილებები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.  

დღის ამბები