18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
საჯარო განხილვების სხვადასხვა ფორმით ჩატარებაა შესაძლებელი - სერგი კაპანაძე საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე

ოპოზიციური სპექტრისთვის საყოველთაო-სახალხო განხილვების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება მისაღებია. ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავენ, განხილვების ჩატარების შესაძლებლობას კი, მათი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა.

"მე არ მგონია, რომ მიზანშეწონილია, ან საჭიროა ან აუცილებელია გადაიდოს საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები. შესაძლებელია ამ საჯარო განხილვების ჩატარება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ჩართვების, ონლიან-შეხვედრების, ტელევიზიის, ტელეკონფერენციების და ა.შ. გამოყენების გზით. დღეს ბუნებრივია, არის განსაკუთრებული მდგომარეობა და ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას განსაკუთრებული ზომები სჭირდება, ამის შესაძლებლობას იძლევა დღევანდელი ტექნოლოგიები და საშუალებები. ამიტომ, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და აუცილებლად ამის გადადება," - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ.

განცხადება გააკეთა ასევე პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.   

"საკონსტიტუციო კომისია და მისი მუშაობის დაწყება არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ პროცესისა, რომ კონსტიტუცია იყოს შეცვლილი და შესაბამისად, იყოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს არ შევაფერხებთ რა თქმა უნდა, ჩვენ შეთანხმებას ვასრულებთ და მონაწილეობას მივიღებთ ამ კომისიის შექმნაში, მასში იქნება ჩვენი ერთი წარმომადგენელი. რაც შეხება უშუალოდ რეგიონებში გასვლას და შეხვედრას ამომრჩეველთან, ჩვენ არ მივიღებთ საერთო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას, სანამ არ დავინახავთ, რომ შეთანხმების ორივე პირობა სრულდება," - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები