18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა - საყოველთაო განხილვები დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო განხილვები დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. საკითხზე უმრავლესობაც და ოპოზიციაც თანხმდება. რა ფორმით გაგრძელდება პროცესი, ამას შესაბამისი კომისია განსაზღვრავს, რომელიც ხვალ დაკომპლექტდება.

როგორც პარლამენტში ამბობენ, ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან და თუ ქვეყანაში შეიქმნება იმის პირობა, რომ საგანგებო რეჟიმი გამოცხადდეს, საპარლამენტო დღის წესრიგიც სწორედ ამ რეჟიმზე გადაერთვება. მანამდე კი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე შედგა კომუნიკაცია, სადაც შეთანხმდნენ, რომ საყოველთაო განხილვები დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

დაზღვევის მიზნით დღეს უმრავლესობამ ასევე კენჭი უყარა რეგლამენტში ცვლილებასაც, რომელიც რთული ვითარების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებას მისცემს, საპარლამენტო პროცესები ვირტუალურ რეჟიმში გადაიტანოს.

"ჩვენ გვქონდა პრაქტიკულად ყველა საპარლამენტო სუბიექტთან კომუნიკაცია. ისინიც თანახმა არიან და მიესალმებიან, რომ დაჩქარებულად შეიქმნას კომისია. ხვალ უკვე შევქმნით კომისიას და იქნება პირველი სხდომა, შემდეგ რამდენიმე დღეში დისტანციურად მოვახერხებთ ჩავატაროთ საყოველთაო-სახალხო განხილვის აუცილებელი, კანონით, რეგლამენტით გათვალისწინებული მინიმუმ ორი შეხვედრა და ამის შემდეგ  მეორე დღესვე შედგეს კომისიის მომდევნო სხდომა და ეს ეტაპი გავიაროთ ძალიან მალე, რომ ნებისმიერი რეჟიმის აუცილებლობის პირობებში საკონსტიტუციო განხილვებსაც თავის მხრივ საფრთხე არ შეექმნას," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს უკვე უარი აქვს ნათქვამი საყოველთაო განხილვებში ჩართვაზე, რადგან ამაში აზრს ვეღარ ხედავენ, თუმცა პარალელურად არასაპარლამენტო ოპოზიცია საჯარო განხილვებისთვის ემზადება, რა ფორმითაც არ უნდა ჩატარდეს ის. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის აუცილებელი ცვლილება შეუფერხებლად განხორციელდეს.

"მივიღებთ მონაწილეობას სახალხო განხილვებშიც, ყველა სხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან და სხვა ეტაპებიც, რაც სჭირდება კონსტიტუციის ცვლილებას. ვიცით, რომ პარლამენტში არ ვართ წარმოდგენილი ამ ეტაპზე და შესაბამისად იქ არ შეგვიძლია აქტიურობა, მაგრამ ყველა სხვა ფორმატში იმისთვის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილება ქვეყნისთვის აისახოს კონსტიტუციაში, "ლელო" როგორც აქამდე, ახლაც იქნება აქტიური," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ საგანგებო რეჟიმის გამოცხადება საჭირო არ იქნება, თუმცა თუ საგანგებო რეჟიმის აუცილებლობა მაინც დადგა, რა თქმა უნდა ყველა ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

"რა ფორმით რა იქნება, ამაზე ვისაუბროთ შემდეგ. იმედი მაქვს, არ იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა ყველანი დავემორჩილებით. მონაწილეობას მაქსიმალურად მივიღებთ ნებისმიერ განხილვაში, რაც ხელს შეუწყობს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მიგვაჩნია სწორად," - განმარტა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები