ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახალ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით პრევენციული ხასიათისაა.
"მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ რეჟიმზე, რეალურად ეს არის კვლავ პრევენციული რეჟიმი, ოღონდ უფრო მეტად გამკაცრებული. ამით ჩვენ მოგვიწევს საზოგადოების გაკონტროლება, რათა ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
კითხვაზე, არის თუ არა მზად ხელისუფლება გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში სრულყოფილად მოემსახუროს პაციენტებს, ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ ამისთვის სრული მზადყოფნაა.
"ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისათვის, რომ მიგვეღო პირველი ტალღა. ამ ეტაპზე კიდევ მეტი გავრცელების შემთხვევებს ველოდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე ყველა დამატებითი საავადმყოფო აღვწერეთ, რომლებიც უნდა ჩაერთონ ამ პროგრამაში. არის კიდევ 600-მდე საწოლი, რომელიც 24 საათში იქნება მზად. აღწერილია როგორც ინფრასტრუქტუტული, ასევე მათი პერსონალის მზაობა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იმ კვირიდან უკვე გაზრდილი ნაკადის მისაღებად სისტემა მზად არის,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, რამდენიმე კერძო ლაბორატორია დაინტერესებულია, რომ გაფართოვდეს და ჩერთოს "პისიარ ტესტირების" პროგრამაში.