18 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
მივმართავთ მაუწყებლებს, რომ დაგვეთმოს საეთერო დრო კომისიის შეხვედრისა და დისკუსიისათვის - ირაკლი კობახიძე

კორონავირუსის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. საკანონდებლო ორგანო საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს, განხილვებისათვის საეთერო დრო გამოყოს, რათა მოქალაქეებმა დეტალურად მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილ ცვლილებებზე.

განხილვები დაჩქარებულ რეჟიმში გაიმართება და ის დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. თუმცა იმისათვის, რომ საყოველთაო განხილვების შემდეგ კანონპროექტი პარლამენტში დაბრუნდეს, ამისთვის ერთი თვის გასვლაა საჭირო. შესაბამისად, კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში 17 აპრილამდე ვერ მოხვდება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობა შეთანხმებას, რომელსაც ხელი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოაწერა, ზედმიწევნით ასრულებს.

"საჯარო შეხვედრებს ჩვენ, ბუნებრივია, არ გავმართავთ შესაბამისად, მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალურს, ასევე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმისათვის, რომ დაგვეთმოს საეთერო დრო, რათა ამ ფორმატში გაიმართოს კომისიის შეხვედრა და დისკუსია საზოგადოებასთან. ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ორივე შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, შესაბამისად, არავითარი საფუძველი იმისა, რომ რაიმე დაბრკოლება შეექმნას კონსტიტუციური კანონის პროექტის კენჭისყრას, არ არსებობს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განცხადება ამასთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, რომელიც ამბობს, რომ მთავარი მიზანი არის შედეგი და არა ფორმატი. 

"მთავარი მიზანი არის არა ფორმატი, არამედ შედეგი და შესაბამისად, კომისიის მუშაობის ფორმატში ჩვენი ფრაქცია მაქსიმალურად ხელს შეუწყობს აღნიშნული ცვლილებების განხილვას. რა თქმა უნდა, ჩვენი ფრაქციის სახელით, მთავარი აქცენტი გაკეთდება საყოველთაო სავალდებულო არჩევნების მნიშვნელობაზე და ასევე მოწოდებაზე ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომ მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა 2020 წლის არჩევნებში," - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

დღის ამბები