18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
მოვუწოდებ ხელისუფლებას შეასრულოს ის ვალდებულებები რომელიც აიღო - სერგი კაპანაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულებისაკენ მოუწოდებს. მათი თქმით, მეორე პირობა, რომელიც პოლიტპატიმრების საკითხს ეხება, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს. ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საბოლოო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. 

"ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას და ველოდებით, რომ ამ შეთანხმების მეორე, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება შესრულებული ხელისუფლების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში, საშუალება გვექნება, რომ უკვე მთლიანად, საბოლოო ცვლილებებსაც მხარი დავუჭიროთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ის ვალდებულებები, რომელიც მან აიღო პოლიტიკურად, შეასრულოს," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი, თინათინ ბოკუჩავა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

"ეს არის ჩვენი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი და ახლა ველით, რომ ხელისუფლება გადადგამს ასევე შესაბამის ნაბიჯებს. მეორე კომპონენტი ეს არის პოლიტ პატიმრების და პოლიტიკური დევნის კომპონენტი, რომლის შესრულების გარეშეც შეთანხმება იშლება" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცვლილებებს მხარს უჭერს, თუმცა კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობაში ჩართული არ იქნება პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, თამარ ჩუგოშვილი. 

"ჩვენ არ ვართ ამ კომისიაში წარმოდგენილი, კომისია ისედაც ვერ იმუშავებს ისე როგორც სხვა შემთხვევაში იმუშავებდა მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით. ამიტომ, თვითონ კომისიის საქმიანობაში არ ვიქნები ჩართული, მაგრამ  ცვლილებებს მხარს ვუჭერ," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები