18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევამციროთ საფრთხის ზეგავლენა, როგორც დაინფიცირების ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით - ირაკლი ჩიქოვანი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ამ საფრთხის ზეგავლენა, როგორც დაინფიცირების ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა და ყველა შესაბამისმა სამსახურმა შეძლეს ეპიდემიის გავრცელების შეჩერება, თუმცა ახლა მთავრობას უწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საზოგადოების მხრიდან უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს.

"ეს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებაზეა და საჭიროა საზოგადოების მხარდაჭერა. საზოგადოება მაქსიმალური სერიოზულობით უნდა მიუდგეს ამ საფრთხეს, რომელიც საქართველოს წინაშეა. ეს საფრთხე რეალურია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში მაქსიმალურად შევამციროთ ამ საფრთხის ზეგავლენა, როგორც დაინფიცირების ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საქართველოს ეკონომიკას მაქსიმალურად ნაკლები დაუჯდეს კორონავირუსით გამოწვეული შედეგები.

 "საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროფესიის, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი ადამიანები, არამედ ადამიანები, რომელთა მუშაობის სფეროსაც განეკუთვნება კორონავირუსთან ბრძოლის საქმიანობა. სწორედ ამ ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ იმ საფრთხეების, რომელიც შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს დაემუქროთ საქართველოში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, ეყრდნობოდა იმ გამოცდილებას, რაც არსებობდა საერთაშორისო დონეზე და იმ რეალობასთან მიმართებაში, რაც გაგვაჩნია.

ჩვენ გვაქვს ქვეყანაში საკმაოდ ნორმალური ვითარება იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომელიც აქამდე იქნა მიღებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რო ყველაფერია გაკეთებული იმისათვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ კორონავირუსის გავრცელება. ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებები კიდევ გვექნება მისაღები," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები