პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელსაც თვის ბოლოსთვის დაარეგისტრირებს.
ერთ-ერთი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კარანტინის წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
კანონის პროექტის მიხედვით, თუ კარანტინის წესს დაარღვევს ადამიანი, რომელსაც ამავე ქმედების გამო უკვე შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ან ამ ქმედებისთვის ნასამართლევია, მაშინ ასეთ პირს მიესჯება შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.