18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
2020 წლის საარჩევნო სისტემა და საკონსტიტუციო ცვლილებები - სად და რა ფორმით ჩატარდება საყოველთაო განხილვები

დღეს ოპოზიცია პარლამენტის პლენარულ დარბაზში ხანმოკლე საქმისთვის გამოჩნდა - 4 თვიანი ბოიკოტი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით, ერთი კონკრეტული პროცედურისთვის დაარღვიეს. 114 მომხრეს შორის, ვინც საკონსტიტუციო კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი, მათი ხმებიცაა. ამბობენ, რომ ეს შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და ახლა ხელისუფლების ნაბიჯებს ელიან.  

უმრავლესობამ ოპოზიციას ბოლო ჟესტისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა ოპონენტების პოზიცია დაკავებული თანაგუნდელების საკითხზე, მათთვის კვლავინდებურად მიუღებელია. მით უმეტეს მუქარა იმის თაობაზე, რომ საარჩევნო მოდელის კენჭისყრას არ დაესწრებიან. "ოცნება" ხელმოწერილი დოკუმენტის მისეულ ვერსიაზე საუბრობს. 

კომისიის დაჩქარებულ რეჟიმში შექმნიდან რამდენიმე საათში პირველი დაჩქარებული სხდომა გამართა. მიუხედავად იმისა, რომ 9 კაციან შემადგენლობაში საპარლამენტო მრჩევლებთან და უმრავლესობის ლიდერებთან ერთად "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებიც შედიან, პარლამენტის თავმჯდომარის ოთახში გამართულ სხდომას მხოლოდ მარიამ ჯაში დაესწრო, რომელმაც საყოველთაო განხილვების ფორმებზე კომისიის გადაწყვეტილება მედიას გააცნო.

დამოუკიდებელი დეპუტატი, სავარაუდოდ, ერთადერთი იქნება კომისიიდან, ვინც მმართველ გუნდთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მოუყვება ამომრჩეველს, თუ რას ნიშნავს საარჩევნო მოდელი 120-30-ზე. 

დისტანციური რეჟიმი საყოველთაო განხილვებს მალევე დაასრულებს, უმრავლესობა ამბობს, რომ 1 კვირაში. თუმცა რეგლამენტის მიხედვით, ვიდრე პროექტი კვლავ პარლამენტში დაბრუნდება, 1 თვეა საჭირო. ამიტომ 17 აპრილამდე ახალი კანონპროექტი პარლამენტს მიღმა იქნება. 28 აპრილს კი მას სავარაუდოდ კენჭს უყრიან.

კორონავირუსმა კვალი საპარლამენტო ცხოვრებაში უკვე დატოვა, ეს პოლიტიკოსებთან ერთად მედიის მუშაობაზეც აისახა. თუ ვითარება კიდევ უფრო გართულდება, პარლამენტში უკვე წარდგენილია ინიციატივა იმის შესახებ, რომ პარლამენტმა ცხოვრება ვირტუალურ რეჟიმში გააგრძელოს. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები