გადავა თუ არა პარლამენტი დისტანციურ მუშაობაზე - დღეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი სესიაზე პირველად გავიდა. ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემთხვევაში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ონლაინრეჟიმში იმუშავებს.
დღეს გაჩნდა გარკვეული კითხვები, ხომ არ ეწინააღმდეგება ინიციატივა ქვეყნის კონსტიტუციას.
"ხომ არ ფიქრობთ, რომ თვითონ კანონში არის დასაკონკრეტებელი გარემოებები, რა შემთხვევაშიც შეიძლება, რომ ასეთი მუშაობის ფორმა გამოიყენოს პარლამენტმა. რამდენად გვაქვს გარანტიები, რომ უსაფრთხო და დაცული იქნება, იმიტომ რომ ყველა ვაცნობიერებთ ასეთი დისტანციური მუშაობის უმაღლესი ხარისხით დაცულობის მნიშვნელობას და როგორი ჰაკერული ჩარევები შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნებიდან და რა შედეგები შეიძლება ამან გამოიწვიოს ყველამ ვიცით," - მიმართა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან კითხვა ჰქონდა ასევე დამოუკიდებელ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს. ნაცვლიშვილი დაინტერესდა, როგორ უნდა მოხერხდეს საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურად მუშაობა და რამდენად ეფექტური იქნება.
პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრმა ემზარ კვიციანმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებიც დისტანციურად უნდა ჩატარდეს. ის ასევე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ არჩევნებიც დისტანციურ სისტემაზე გადავა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციურ ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც პარლამენტი საგანგებო სიტუაციების დროსაც იკრიბება.
"მე ხაზს გავუსვამდი კონსტიტუციის ჩანაწერს, რომლის თანახმადაც პარლამენტი იკრიბება საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც. აქ სამსჯელოა კონსტიტუციურობის ჭრილში რამდენად არის დასაშვები დისტანციურად პარლამენტის შეკრება," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და ასევე განაცხადა, რომ ასევე უნდა განალიზდეს ის რისკები, რომელიც კიბერუსაფრთხოების უკავშირდება.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა პარლამენტი საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. თალაკვაძემ, ასევე, დისტანციურად მუშაობის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ისაუბრა.