ამ წუთებში პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, შეხვედრის შემდეგ გაიმართება ბრიფინგი. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციიდან ტრანსლირებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს, შენობაში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჟურნალისტებს აღარ უშვებენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მედიასთან განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში დადგება საგანგებო ვითარების გამოცხადების აუცილებლობა, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მოსახლეობამაც შეუწყოს ხელი.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქვეყანა უფრო მეტად საყურადღებო ფაზაში შედის, როდესაც კორონავირუსის დაუდგენელი გავრცელების შემთხვევები იმატებს.
"შევდივართ ჩვენ კიდევ უფრო მეტად საყურადღებო ფაზაში, როცა დაუდგენელი გავრცელების შემთხვევები გვექნება, ანუ დაუმისამართებელი, ამის კონტროლი, რა თქმა უნდა, უფრო რთულია და აქ არის მნიშვნელოვანი სოციალური სიმჭიდროვის გაშლა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის დეფიციტი ისევ დავინახეთ, რა თქმა უნდა, უკვე მოგვიწევს კიდევ უფრო მკაცრი ზომების განხორციელება.
აქ საკითხი დგას იმდაგვარად, რომ საგანგებო ვითარება, თუ კი ახლა შემოვიღეთ, თუ რა თქმა უნდა, დადგა ამის საჭიროება - შემოვიღებთ, შესაძლოა მისი გაგრძელების ვადა დაახლოებით იყოს ერთი თვე, ამიტომ ეს სოციალური ეკონომიკის მდგომარეობისათვის იქნება ძალიან მძიმე ტვირთი, ამიტომ მოსახლეობასაც ვთხოვ ხელი შეგვიწყოს, რომ არ დაგვჭირდეს გრძელვადიან პერიოდში საგანგებო ვითარების შემოღება," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.