საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, ესპანეთში გარდაცვლილი ქალის გადმოსვენება სტანდარტული პროცედურებით ვერ ხორციელდება და ის დროში გაჭიანურდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების გათვალისწინებით მოქმედებს. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი განმარტავს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გარდაცვლილი ქალის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე არიან და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მათთან შეთანხმების შედეგად მიიღებენ.
გუშინ პრემიერის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ევროპის ხუთ ძირითად ქვეყანაში საქართველოს 20-მდე მოქალაქეა ინფიცირებული.