18 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
საგანგებომდე დაგვრჩა 1 ნაბიჯი, შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, მეტი ყურადღება გვმართებს - დიმიტრი ხუნდაძე

უკიდურესი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავეთ გარეთ გასვლისგან და დარჩით სახლში - ასეთია მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც ხელისუფლება გასცემს. ეს წესი განსაკუთრებით ეხებათ პენსიონერებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ზუსტად 11 საათზე შეიკრიბა. იგი აერთიანებს ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელსაც ამ კრიზისის დაძლევაში თავისი როლი აქვს. კანცელარიის შენობაში როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკისა, და უსაფრთხოების წარმომადგენლები იმყოფებიან.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დღეს საბჭო არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქვეყანამ პრაქტიკულად 3 თვე მოიგო იმ მობილიზების დამსახურებით, რაც არის ქვეყანაში, თუმცა მისი თქმით, წინ არის პრეკრიზისული ორკვირიანი პერიოდი, რის შემდეგაც უკვე კრიზისი იწყება. ასე მოხდა სწორედ სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც და სწორედ ამიტომ დიმიტრი ხუნდაძე ყველა მოქალაქეს მობილიზებისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ საგანგებომდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი. დღეს განვიხილავთ ამ ვითარებას, ზოგადად შევაფასებთ ეპიდსიტუაციას საქართველოში და ზოგადად მსოფლიოშიც.

ჩვენ პირველი ფაზა გავიარეთ, ე.წ. შეკავების ფაზა საკმაოდ წარმატებულად. ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც დაახლოებით 1-2 კვირა გაგრძელდება და მას მოჰყვება უკვე კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები. სწორედ ამას ვეძახი მე, უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას. ამიტომ მე ვფიქრობ, კიდევ მეტი ყურადღება გვმართებს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს ვითარება დავძლიოთ, მაგრამ აქ, აუცილებელია მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა," - განაცხადა დიმიტრი ხუდნაძემ.

დღის ამბები