გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას და საზოგადოებას კორონავირუსთან ბრძოლის 3-პუნქტიან სტრატეგიას სთავაზობს. "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეიძინოს 1 მილიონი სწრაფი და 200 ათასი PCR ტესტი, რათა მოხდეს კორონავირუსის დიაგნოსტიკა.
" მან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ასევე უნდა გააუქმოს კერძო ლიცენზირებული ლაბორატორიების მხრიდან ტესტების ჩატარების მოთხოვნები. მესამე პუნქტად გიორგი ვაშაძემ დაასახელა იმ მექანიზმის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მასშტაბით მოქალაქეების დიაგნოსტიკა და სწრაფი ტესტირება მოხდება.
"მსოფლიოში არსებობს საუკეთესო გამოცდილებები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის. მე მინდა სტატისტიკა მოგიყვანოთ: ჩინეთში გარდაცვალების მაჩვენებელი არის 1.4 პროცენტი, იტალიაში 8.3 პროცენტი, სამხრეთ კორეაში 1.1 პროცენტი.
შესაბამისად კითხვა უნდა დავსვათ, რა გააკეთა ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ისეთი, რომ შეამცირა გარდაცვალების რაოდენობა და რაც მთავარია, ბოლო 2 დღეა ჩინეთში შიდა გადაცემაც კი არ არის კორონავირუსის. ამის ერთადერთი საფუძველი ეს არის სწრაფი დიაგნოსტიკა ადგილზე.
შესაბამისად ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას და ხელისუფლებას 3 კომპონენტიან სტრატეგიას:
პირველი - სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეიძინოს 1 მილიონი სწრაფი, ხოლო 200 ათასი PCR ტესტი;
მეორე - ისევე როგორც აშშ-ში მოხდა, უნდა გააუქმოს ყოველგვარი ზედმეტი მოთხოვნები კერძო ლიცენზირებულ ლაბორატორიების მხრიდან ტესტების ჩატარებასთან დაკავშირებით;
მესამე - უნდა შეიმუშაოს კომპლექსური მექანიზმი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეების დიაგნოსტიკის ტესტირების იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ადამიანების ტესტირება და დიაგნოსტიკა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტესტების ფასი ჩინეთში არის სწრაფი ტესტის - 5 აშშ დოლარამდე, ხოლო PCR ტესტის - 10 დოლარამდე. რატომ ვამბობ ამას, არც ჯანდაცვის სამინისტრო და მათ შორის არც კერძო ლაბორატორიებმა, მოვუწოდებ და ვაფრთხილებ, არ გააკეთონ სპეკულაცია ტესტების ფასებით. იმიტომ, რომ ეს არის ახლა დანაშაულის ტოლფასი თუ უაზროდ მაღალი ფასები იქნება.
რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას, ის უნდა იყოს უფასო და თითოეულ ადამიანს უნდა მიეცეს ამის შესაძლებლობა. 14 დღე კარანტინში არის იმიტომ, რომ არ არის დიაგნოსტიკის საშუალება. თუ ავაწყობთ სისტემურად ამ მექანიზმებს ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ კორონავირუსს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.