18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება - პარლამენტარების თქმით, ყველა უწყება მზად არის

საქართველოს პარლამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის.

პარლამენტარების განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ყველაფერი მზად არის.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, "ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე: უმრავლესობის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

"ყოველწუთიერ რეჟიმში მიდის ამ თემების განხილვა. საკოორდინაციო საბჭოც ამიტომ იკრიბება ყოველდღე. სამართალდამცავ ორგანიზაციებთანაც გვაქვს კონსულტაციები და განვიხილავთ რამდენად საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

"საგანგებო სიტუაციების გამოცხადებაზე მიდის მსჯელობა, საქმე მიდგა ერთ თემაზე, როდის და რა ეტაპზე უნდა გამოცხადდეს. საზოგადოების თვითშეგნება და დისციპლინა არის აუცილებელი," - განაცხადა გია ვოლსკი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, ექსპერტებთან და სპეციალისტებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

"ჩვენ ვუსმენთ ექსპერტებს და სპეციალისტებს. საჭიროების შემთხვევაში გამოვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას, ამისათვის მზად არის ყველა ინსტიტუცია, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეხება," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები