18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გამოიცა დეკრეტი, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. წესდება აკრძალვები, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც პირი დაჯარიმდება, განმეორებითი დარღვევის ფაქტი კი, პატიმრობას ითვალისწინებს. წესები, რაც აქამდე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იყო, ახლა სავალდებულო და აუცილებლად შესასრულებელი ხდება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საგანგებო რეჟიმის შემოღება საჭირო იყო, თუმცა მათი თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა უნდა შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაეხმარება შექმნილი ვითარების გამო უმუშევრად და შესაბამისად შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს.

"შეზღუდვების დაწესება მათ შორის შეკრებებზე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, მათ შორის ის, რომ თავისუფალ სიტყვას, მედიას არ დაემუქროს არავითარი საფრთხე. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოახერხებს ხელისუფლება ამ ყველაფრის მენეჯმენტს, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთი რამ, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება ერთი თვით, ამ შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისების მართვის გეგმა უნდა იყოს წარმოდგენილი,"- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი სალომე ზურაბიშვილი ხდება:

"საზოგადოება არის უფლებამოსილი ვიცოდეთ, რა არის გუშინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის განსხვავება და რატომ გახდა დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო. ასევე ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ რაკიღა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჩვენ ყველანი ამას უნდა დავემორჩილოთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ვითარებაში მთელი ძალაუფლება და მმართველობის სადავეები გადადის საქართველოს პრეზიდენტის ხელში. ახლა კარგად გაიაზრეთ რა მდგომარეობაში არის ქვეყანა, როდესაც პრეზიდენტის ყველა გამოსვლაზე მთელი ქვეყანაა დაძაბული, იმიტომ რომ არავინ იცის რას იტყვის და რა ტიპის განცხადებას გააკეთებს, დღეს სალომე ზურაბიშვილი, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად და კანონით ასეა, ხდება ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები