საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებას, კორონავირუსის პირობებში ზიარებისა და საეკლესიო მსახურების წესის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საპატრიარქომ პასუხისმგებლობა არ აიღო, რის გამოც პასუხისმგებლობის აღება სახელმწიფოს მოუწია:
"ძალიან სამწუხაროა, რომ ეკლესიამ თავად არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საფრთხე არ შექმნას და მათ შორის ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ თვითონ პასუხისმგებლობას არ იღებენ, სახელმწიფომ რა თქმა უნდა, უნდა შეზღუდოს და აქ მე მგონი მკაფიო იყო პოზიცია, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ეკლესიას, როგორც ყველა სხვა შეკრებას ეხება და უნდა შეეხოს, ყველას რწმენის პატივისცემის მიუხედავად. ვირუსი ვრცელდება ხალხმრავალი შეკრებების დროს. არ აქვს მნიშვნელობა რა შენობაა და რა რიტუალია და რა თქმა უნდა, უნდა შეიზღუდოს," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
"ლელოს" დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეკლესია თავისი დოგმებით ხელმძღვანელობს, აკრძალვები კი სახელმწიფოს პრეროგატივაა:
"ეკლესია აკრძალვას ამასთან დაკავშირებით ვერ დააწესებს, ეკლესიას აქვს თავისი დოგმები, ამ დოგმებით ხელმძღვანელობს, რაც შეეხება აკრძალვებს, ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
სახელმწიფოს უფრო აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე:
"ეკლესიას ეკლესიის პოზიცია აქვს და თავისი წესებით მოქმედებს, მაგრამ შენ რომ ხარ ქვეყნის პირველი პირი გამოდი და თქვი, რომ ხალხო, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად მე ვფიქრობ ასე, და ამის არ უნდა შეგეშინდეს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.