საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 3 საათზე გამოაცხადა და დეკრეტი პარლამენტს გადაუგზავნა. პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, უკვე სავალდებულოდ შემოღებული წესები ზედმიწევნით დაიცვან. კორონავირუსის მეორე ტალღამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრი არაა.
სალომე ზურაბიშვილს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრმა მიმართა. უსაფრთხოების დასაცავად მთავრობა რადიკალურ ზომებს იღებს, მათ შორის მკაცრი იქნება სანქციები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
პრემიერ-მინისტრს დღევანდელ პრესკონფერენციაზე არ დაუმალავს, რომ მოლოდინი ნეგატიურია და ქვეყანაში უახლოესი კვირების განმავლობაში COVID-19-ის შემთხვევების გაზრდასა და შიდა გავრცელებას ელოდებიან.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ოპოზიცია მალევე დაეთანხმა. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში ამ გადაწყვეტილებით უსაფრთხოება გაიზრდება, თუმცა არსებობს სხვა გამოწვევებიც. იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც კრიზისის გამო უსამსახუროდ დარჩნენ და ფინანსური პრობლემები აქვთ, ოპოზიცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, ასევე საუბარია სამშობლოში იმ მოქალაქეების დაბრუნების აუცილებლობაზე, ვინც სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩნენ.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მისაღები აღმოჩნდა დამოუკიდებელი დეპუტატებისთვისაც. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები თვლიან, რომ დაწესებული შეზღუდვები ადეკვატურია და მოქალაქეებს დამატებით პრობლემებს არ შეუქმნის.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მოქმედებს. მიღებული დეკრეტი და აკრძალვების შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომია.