18 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა და ცვლილებები ღვთისმსახურებაში - გაითვალისწინებს თუ არა ეკლესია მთავრობის გადაწყვეტილებას

საგანგებო მდგომარეობის მიხედვით დადგენილი წესის თანახმად, უსაფრთხოების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 10 კაცზე მეტის თავყრილობა აკრძალულია. რამდენად გაითვალისწინებს ეკლესია მთავრობის გადაწყვეტილებას?! მორწმუნეთა ნაწილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს დაემორჩილება.

სხვაგვარად ფიქრობს მორწმუნეთა მეორე ნაწილი. მრევლის ეს კატეგორია თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობას არ უნდა დაემორჩილოს და ტაძრებში აქტიურ სიარულს მაინც აპირებს. იგივე აზრზეა სასულიერო პირთა ნაწილიც. განსაკუთრებით კი, მძიმე მარხვის პირობებში და ბრწყინვალე აღდგომამდე ერთი თვით ადრე.

მთავრობა ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა და ახალი რეგულაციებით მხოლოდ უსაფრთხოების წესებს განსაზღვრავს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და შეზღუდვების დაწესების მიზანი კი ერთია - ზრუნვა მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კორონავირუსის პირობებში ერთმანეთის უსაფრთხოების დაცვაზე.

პრემიერ-მინისტრის ამ მოწოდების გამო, არ არის გამორიცხული, წმინდა სინოდი კიდევ ერთხელ შეიკრიბოს. საგანგებო სხდომაზე უნდა გადაწყდეს დაემორჩილება თუ არა ეკლესია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს. მაღალი სასულიერო პირების შეკრება შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს საპატრიარქოში დაპირისპირების მიზეზი.

ხელისუფლების გადაწყვეტილება ლოგიკურია თეოლოგთა იმ ნაწილისთვის, რომლებიც წმინდა სინოდის მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას წირვა-ლოცვისა და ზიარების წესის უცვლელად დატოვების შესახებ კრიტიკულად უყურებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ სინოდის მიერ გასაჯაროებულ განჩინებას უკავშირებენ ოპოზიციაში. უმრავლესობაში კი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობასთან აკავშირებენ და მსგავს ვარაუდებს გამორიცხავენ.

დღის ბოლოს სასულიერო პირების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. წირვას ტაძრის ეზოში ჩაატარებენ ბათუმის საკათედრო ტაძარში. მრევლი ერთმანეთთან დისტანციურად განლაგდება. ტაძრის კართან მოხდება ზიარება. ცვლილებები შეიტანა ღვთისმსახურების წესში ფოთისა და ხობის ეპარქიამაც და მწუხრის ლოცვის შემდეგ მრევლთან ზეთისცხების ცერემონია ერთჯერადი ჩხირებით ჩაატარეს. ხვალინდელი წირვაც არა ტაძარში, არამედ ეკლესიის ეზოში ჩატარდება.

მთავრობის საგანგებო განცხადებისა და შეზღუდვების დაწესების პარალელურად საღამოს ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.

დღის ამბები