საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც არის ეპიდემიის საფრთხე, მთავრობამ უნდა მოძებნოს ბალანსი რწმენის, აღმსარებლობის თავისუფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას შორის. აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ საგანგებო მდგომარეობის დროს თავყრილობების აკრძალვასთან და რელიგიური რიტუალებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა:
"დეკრეტში არ არის რაიმე რიცხვი განსაზღვრული 10-15 ან 20, სახელმწიფოს და ეკლესიას, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს ძალიან კონსტრუქციული, ხანგრძლივი და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, შესაბამისად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდში, როდესაც მსოფლიოში არის COVID-19-ის პანდემია და საქართველომ ეფექტურად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება პირველ ეტაპზე, თუკი ამის ინდიკაცია, საჭიროება იქნება, ჩვენ რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების მიღება.
პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული, შესაბამისად ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი. ბატონმა პრემიერმა თქვა და მას აქვს ჩვენი მხარდაჭერა ამ საკითხში, თუ ჯანმრთელობის უფლების განხორციელება, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შემდეგი ღონისძიებები აუცილებლად მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა კარანტინი, სხვა უფლებების შეზღუდვა, ეს განხორციელდება დამატებითი დეკრეტით და რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ჩვენი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება.
როდესაც არის ეპიდემიის საფრთხე, მთავრობამ უნდა მოძებნოს ბალანსი რწმენის, აღმსარებლობის თავისუფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას შორის. შესაბამისად მთავრობას ჩვენ მივეცით უფლება რომ თუ ეს საჭიროებები და ჩვენება შეიცვალა, დამატებითი ღონისძიებების მისაღებად, მან ეს ღონისძიებები და შეზღუდვები მიიღოს. ამიტომ ნებისმიერ დღეს დეკრეტის გამოცემის შემდეგ თუ ეს ბალანსი შეიცვლება და საჭირო გახდება დამატებითი მკაცრი ღონისძიებების მიღება, ასეთი ზომები იქნებ ამიღებული და მთავრობას ექნება პარლამენტიდან მხარდაჭერა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.