ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანაში სასურსათო მარაგის რაოდენობა საკმარისია.
როგორც ცქიტიშვილმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობა არ ზღუდავს სატვირთო მოძრაობას.
"რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა საკმაოდ აქტიური, პანიკური ვაჭრობა. მაშინაც ვსაუბრობდით და ვარწმუნებდით ჩვენ მოსახლეობას, რომ ჩვენ მარაგები ქვეყანაში გვაქვს საკმარისი და თქვენ ნახეთ, რომ მეორე დღიდანვე ხდებოდა მაღაზიების თაროების შევსება. კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, ქვეყანაში არის ძალიან სტაბილური მომარაგება, არის რამდენიმე თვის მარაგი.
გარდა ამისა, ყველა შესაძლო შეფერხება, რომელიც ჩვენ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე გვქონდა ლარსზე, სადაც გაჩერებული იყო ძალიან ბევრი მანქანა, არის აღმოფხვრილი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საგანგებო ვითარება არ ზღუდავს იმ სატვირთო მოძრაობას," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.