"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა კარგი რამე არ არის ეკონომიკისთვის და სამოქალაქო თავისუფლებისთვის, თუმცა ამ მდგომარეობაში ის გამოყენებული იქნა უფრო ცუდი რამის შესაჩერებლად და სწორედ ამიტომ დაუჭირა ოპოზიციამ მხარი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. აღნიშნული განცხადება გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერში" გააკეთა:
"უდიდესი გამოწვევის წინაშეა მთელი მსოფლიო, მარტო საქართველოს არ ეხება. ბოიკოტი შეწყვეტილი არ გვაქვს, მაგრამ ბუნებრივი იყო ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ჯგუფისგან ამ შესაძლებლობის მიცემა მთავრობისთვის. ჩვენ ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, როგორც დემოკრატიული ოპოზიცია, მაგრამ მთავრობა იმისთვის ჰყავს ქვეყანას, რომ მას აქვს გადამწყვეტი სიტყვა იმ თვალსაზრისით, რა ნაბიჯებს გადადგამს. ბუნებრივია, ასეთ დროს მას ეს ინსტრუმენტი უნდა მივცეთ, მაგრამ არა აბსოლუტური, ამიტომ ევროპული საქართველოს ფუნდამენტური პოზიცია იყო, რომ ვადა უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული. ერთი თვის შემდეგ საზოგადოებას პარლამენტის მეშვეობით ინსტრუმენტი თუ არა ტრიბუნა მაინც უნდა ჰქონდეს რომ განვსაჯოთ, ეს ერთი თვე რაში უნდა იქნას გამოყენებული და აუცილებელია თუ არა გაგრძელება. საკონსტიტუციო საგანგებო მდგომარეობა არ არის კარგი რამე ეკონომიკისთვის, სამოქალაქო თავისუფლებისთვის, ცუდი რამეა, მაგრამ უფრო დიდი და ცუდი რამე გვემუქრება და ეს შანსი მივეცით," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის სპიკერები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან, კარგ როლს თამაშობენ
"სპიკერები კარგ როლს თამაშობენ ძალიან ასეთი ლეგიტიმური შიშების დროს საზოგადოების ინფორმირების და დამშვიდების მხრივ, ყველამ ვიცით ვისზე ვსაუბრობთ, ბატონი გამყრელიძე და სხვები ვინც იქ არიან," - აღნიშნა ბოკერიამ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, დიდი პრობლემებია სტრატეგიის მხრივ ეკონომიკაში.
"ჯერჯერობით მთავრობამ არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისათვის, რომ ასეთი მძიმე დარტყმის დროს მოქალაქეებს მისცეს შანსი რომ გადარჩეს. გადასახადების დაწევაზე ითქვა უარი, ის შეღავათებიც კი ვერ არის, იმიტომ რომ შეეხო მხოლოდ ზოგიერთ სფეროს და მოხდა ვალდებულებების მხოლოდ გადავადება,"- განაცხადა ბოკერიამ. მისი თქმით, ეს კრიზისი შეეხება ყველას, ამიტომ საგადასახადო ტვირთის შემცირება უნდა შეეხოს ყველას