პრეზიდენტის დეკრეტით აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა არის ამ უფლების ნაწილი- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ისე ყველა რელიგიური ორგანიზაცია დაეხმარება სახელმწიფოს ვირუსის გავრცელების შეკავებაში.
„რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს კონსტრუქციული, ხანგრძლივი და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ პერიოდში მსოფლიოში არის covid 19 - ის პანდემია და საქართველომ პირველ ეტაპზე, ეფექტურად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება. თუკი საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების განხორციელება. როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი,“ - განაცხადა თალაკვაძემ.