გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს, ხორცისა და თევზის იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს შეხვდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების პირობებში, მოსახლეობის სურსათით შეუფერხებელი უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გარდა, ყველა სხვა სახის პროდუქტის საკმარისი მარაგებიც არსებობდეს და მოსახლეობას მისი შეძენა შეუფერხებლად შეეძლოს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამაცივრე მეურნეობებში ხორცისა და თევზის საკმარისი მარაგები არსებობს. ამასთან, შეუფერხებლად მიმდინარეობს ტვირთების შემოტანა და მარაგების შევსება.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოჯისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს დაევალა.