18 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
ჯობია გადავამეტოთ ზომებში ვიდრე დავაკლოთ და გაუთვალისწინებელი შედეგი მივიღოთ - სოზარ სუბარი

"ყოველთვის ჯობია გადავამეტოთ ზომებში ვიდრე დავაკლოთ რამე და შემდეგ მივიღოთ გაუთვალისწინებელი შედეგი“ - ამის შესახებ განცხადება სოზარ სუბარმა "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.  

რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბოლნისსა და მარნეულში გამოცხადებული მკაცრი კარანტინის შესახებ საუბრობს. სოზარ სუბარი ამბობს, რომ არის არა ერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები წესების დარღვევას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ.  

"არის არა ერთი მცდელობა, როდესაც ადამიანები ცდილობენ გადაკვეთონ მარნეული-ბოლნისის მუნიციპალიტეტების საზღვრები შემოვლითი გზებით, თუმცა ყველა ასეთი გზა არის გადაკეტილი," - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

სოზარ სუბარი იმ გეგმებზეც საუბრობს, რომელიც ხელისუფლებას შიდა გავრცელების მაქსიმალურად პრევენციის მიზნით აქვს შემუშავებული და ასევე იმის შესახებ, თუ როდის ამოქმედდება სწრაფი ტესტირების შესახებ. 

გარდა ამისა, სოზარ სუბარის თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში გახსნილია სპეციალური საავადმყოფო, რომელიც მისი თქმით, ერთგვარ კარანტინის როლს ასრულებს. 

"პრაქტიკულად გაჩერებულია ყველა წარმოება გარდა სასიცოცხლო ობიექტსა, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურისა და ხელს ვუწყობთ სოფლის მეურნეობაში მუშაობას, იმიტომ რომ იქ გავრცელების საფრთხე ნაკლებია, რადგან დისტანციის დაცვა არის გაცილებით ადვილი. ასევე, შექმნილია 10 ჯგუფი და თითო ჯგუფში არის ერთი დატრენინგებული ექიმი, რომლებიც კარდაკარ ჩამოივლიან პირველ რიგში ყველა იმ დაზიანებულ სოფელს, სადაც სავარაუდოდ იყო გავრცელების კერა. სიმპტომების შემთხვევაში, ჩატარდება უკვე პირველი სწრაფი ტესტირება, ხოლო თუკი სწრაფი ტესტირება რაიმე საგანგაშო შედეგს აჩვენებს, ამ შემთხვევაში, უკვე ღრმა ტესტირება იქნება და საჭიროების შემთხვევაში წავა მათი მკურნალობა," - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

 

 

დღის ამბები